ბიბო
ბიბო პატარა ბიჭია. პატარაა, აბა,
მაშ, რა არის, ჯერ ხუთი წლისაც არ გამხდარა! გრძელი ღამის პერანგი აცვია და ისე
სძინავს. გადაიხდის საბანს და გდია საბერე კიტრივით არხეინად საბანგადახდილი.
ძალიან კი სწყინს ხოლმე, ვინმე რომ ეტყვის, პატარა ხარო. პატარა, მე კი არა, ჩვენი
რობიზონააო. რობიზონა ვიღაა? ბიბოს ბიძაშვილი. სულ რაღაც ცხრა თუ ათი თვით
უმცროსია ბიბოზე, მაგრამ ბიბო ისე ექცევა, როგორც ნამდვილ დიდს შეჰფერის. არიგებს:
ასე და ასე მოიქეციო. მფარველობს კიდეც - ბიბოს შიშით ვერც ერთი ბიჭი ცუდს ვერას
გაუბედავს რობიზონას. თუ მაინც გაუბედეს? მაშინ ბიბო ერთს ღრმად ჩაისუნთქავს,
ლოყებს დაბერავს და ბაყბაყდევივით დააბრიალებს თვალებს. ბაყბაყდევივით
თვალებმობრიალე ბიჭს კი, აბა, ვინ უნდა დაუდგეს წინ!ზოგიერთ უხეიროს კი არა ჰგავს, მოსვენებას რომ არ აძლევენ დედას და ბებიას. საჭმელია, ძალით უნდა ჩასჩარო ამ უხეიროებს, ძილია და... დაწვებიან და დაიწყებენ ჩხავილს: ზღაპარი მიამბეთ, თორემ ისე არ დავიძინებო.
ბიბო დიდივით მიუჯდება მაგიდას, თვითონვე აიფარებს ხელსაწმენდს გულზე, მარჯვენა ხელში დიდ კოვზს დაიჭერს, მარცხენაში - დიდ პურს და დინჯად, საქმიანად შეუდგება ჭამას. კერძს რომ გაათავებს, ახლა ჩაის მოითხოვს, ჩაისაც წყნარად, დაგემოვნებით დალევს, მოიწმენდს ტუჩებს, - აგაშენოთო, - იტყვის ნამდვილი კაცივით და წამოდგება.
ღამეა. დედა საკერავ მანქანას უზის. ბებია საბანს ალიანდაგებს, - პრიალა ნემსით მართლაც ლიანდაგივით სწორი ხაზები გაჰყავს საბნის ერთი კუთხიდან მეორემდე.
- ხომ არაფერი გჭირდებათო! - იკითხავს ბიბო.
- შენი კარგად ყოფნა და გახარებაო, - მიუგებენ დედა და ბებია, - დაწექ ახლა და დაიძინეო.
ბიბო დიდ, დამრგვალებულ მუცელზე აისვამს და დაისვამს ხელს, ლოყებს გამობერავს, - არ უყვარს, ასე, პატარასავით რომ ეალერსებიან დედა და ბებია. ცოტა ხანს ბაზურა კატას მიუჯდება. ბაზურა, აქამდე რომ არხეინად იწვა ღუმელის ქვეშ, ბიბოს მიახლოებისთანავე წამოდგება და ნელა გაძვრება ღუმელის იქითა მხარეს.
- ჭკვიანი ბიჭია ეს ჩვენი ბიბო, -იტყვის ხოლმე ბაზურა, -მაგრამ რა ვიციო, მაინც ბიჭიაო, ვინ არის თავდები, რომ ერთ დღეს შიგ ძირში არ მომაჭრას კუდი თავისი წალდუნათიო?! ამიტომაო, - იტყვის ხოლმე ბაზურა, - ისევ გაცლას ვამჯობინებო.
შეძვრება ტახტის ქვეშ, მოიკუნტება კოხტად, თათს თავქვეშ ამოიდებს და ახლა იქ განაგრძობს ძილსა და კრუტუნს.
ბიბო კი დაამთქნარებს. ეს იმის ნიშანია, რომ იმასაც ეძინება. მაგრამ ისე არ დაიძინებს, ერთხელ კიდევ არ გავიდეს გარეთ და ერთხელ კიდევ არ გახედოს გზას, აბა, მამაჩემი ხომ არ მოდისო. მამამისი, შაქრო, შოფერია. უზარმაზარი „ზილი“ დაჰყავს და ხან მთელი კვირაობით მიდის შორს, ყიზლარში. ახლაც ყიზლარშია და მის მოლოდინში თვალი გზაზე აწყდება ბიბოს. გადგება აივანზე და შემოიყრის დოინჯს. ძირს ჩაბნელებული ივრის დიდი ჭალაა, იმ ჭალის იქით - წალმიანი გორა, იმ გორაზე კი შარაგზა მიიკლაკნება და ზედ ციცინათელებივით მიცოცავენ მანქანები.
- ნეტავ მამაჩემის მანქანა, აგერ, ის იყოს, აგერ! - იტყვის ბიბო ხან ერთზე, ხან მეორეზე, მაგრამ მანქანები ჭალისკენ არ უხვევენ. ისინი ზემოთ, გომბორისკენ მიდიან და ბიბოს გული სწყდება.
- ეჰეჰეი! - დაადევნებს ვაჟკაცურ ძახილს, - ეჰეჰე!
მაგრამ იქიდან კი არ ღებულობს პასუხს, მეზობელი სახლიდან დაეხმაურება ვიღაც:
- ეჰეჰეი, ბიბო!
ეს რობიზონაა, პატარა რობიზონა. ისიც აივანზე გამოდის და დიდი ხნის უნახავივით ხელებაწეული, გახარებული ეძახის ბიბოს:
- ბიბოოო! ბიბოოო!..
ბიბოს არ უყვარს, სხვა ვინმე რომ ერევა მის ამგვარ ოცნებებში, მაგრამ რობიზონა პატარაა, ჯერ ჭკუა არა აქვს, ამიტომ მხოლოდ კეთილი მოხუცივით ტუქსავს:
- რაღა დროს შენი ღვიძილია, ბიჭო, წადი, დაწექი ახლავე!
და რობიზონას შინ შესვლას აღარ დაუცდის, თვითონ შებრუნდება შინ, დინჯად გაიხდის ტანსაცმელს, კოხტად დააწყობს ერთ ადგილას, დაწვება და დაიძინებს.
გათენებას ჯერ ბევრი აკლია, რომ ერთი პირობა მაშინ გაიღვიძებს. დედას და ბებიას სძინავთ. ეცოდება, არ უნდა, შეაწუხოს. წევს გატვრენილი, აპარპალებს იმ დიდრონ თვალებს და იცდის, იქნებ თავისით გაიღვიძონო, მაგრამ თავისით არ იღვიძებენ და როდემდე იქნება ასე, კაცს პური შია!
- ბებო! - გადასძახებს ჩუმად.
- რაო, შემოგევლე! - იმწამსვე გამოეპასუხება ბებია.
- კარაქიანი პური მომიტანე რა, ცოტა!
მიუტანს ბებია კარგა მოზრდილ კარაქიან პურს. ილუკმება ბიბო და თან ფიქრობს... უუ, რაზე აღარ ფიქრობს. რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე საფიქრალი! მამა ჯერ არ დაბრუნებულა ყიზლარიდან. იმ სიგრძე გზაა, აქეთ შავი კლდეები, იქით უფსკრულები და ფაფარაყრილი თერგი, ეუჰ! - ფაფარაყრილი თერგი! ჰაერში კიდევ ნისლებია გაკიდებული. თანაც ათასი მთვრალი შოფერი დადის, ათასი ზვავია, ათასი ოხრობაა... მამა კიდევ ფიცხია, სულ ჩქარობს. ნეტავ რა ეჩქარება! როცა ნელა მიდიხარ, განა მაშინ უფრო კარგად არა ჩანს ყველაფერი?! მერმისს შენც წაგიყვანო. ეუჰ, რა იქნება! ნეტავ მართლა მოერევა დათიკაანთ ძაღლი ჩვენსას? ერთი კომშზე უნდა გამოვცადო ჩემი წალდუნა, კომში მაგარიაო... ილუკმება, ილუკმება ბიბო, ფიქრობს, ფიქრობს და ჩაეძინება ასე.
როცა ხელახლა გაიღვიძებს, უკვე ქვეყანასაც ღვიძავს. დედა კოლმეურნეობაშია წასული. ბებია მარანში აბრახუნებს რაღაცას. ვეებერთელა მზე აივნის ბოძსა და ბოძს შუა გაჩერებულა და ბიბოს ელოდება. ბიბოც გადის ფეხშიშველა, თვალების ფშვნეტით. ახლა იქით ის ვეებერთელა მზეა აივნის ბოძსა და ბოძს შუა, აქეთ - ბიბო. ერთხანს ჯიუტი ბოტებივით ათვალიერებენ ერთმანეთს. მერე ბიბო მხარს შეაქცევს, - მე შენი აყოლა რას გამომადგებაო, - ტანსაცმელს ჩაიცვამს წვალებით, ხვნეშით, მაგრამ გმირული სიჯიუტით. ფეხსაცმელსაც შეიკრავს და ნელ-ნელა ჩავა კიბეზე.
მზე მაინც თავს არ ანებებს. მისდევს და იცინის მხიარულად. რატომ არ იქნება მხიარული რა! აიწევს ასე, აიწევს და მერე არხეინად ჩაგორდება წალმიანის უკან. ბიბოს კი რამდენი საქმე აქვს მოსაგვარებელი: საქათმეში უნდა შეძვრეს და ნახოს, დადო თუ არა კვერცხი ქოჩორა დედალმა. ძაღლი უნდა წაიყვანოს და დათიკაანთ ძაღლს აჩხუბოს. წალდუნაც ხომ უნდა გამოსცადოს კომშზე?! გუშინ ამწე მოიტანეს სკოლის მშენებლობაზე, დღეს მაინც არ უნდა ნახოს, როგორ მუშაობს ის ამწე? თანაც... ჯანღივით შემოხვევია ეს ფიქრი გულზე: მამა ჯერაც არ დაბრუნებულა ყიზლარიდან. ეეჰ, მამა ჯერაც არ დაბრუნებულა ყიზლარიდან.
- ბიბოს გაუმარჯოს, ბიბოს! - ესალმებიან მეზობლები.
- გაგიმარჯოთ.
- როგორა ხარ, კაცო, ბიბო!
- გული დარდიანი მაქვს.
- რათა, კაცო, რათა!
- მამაჩემი ყიზლარშია და...
- მოვა, კაცო, მაგაზე რა გადარდებს.
- რა ვიცი, გზაა, ათასი მთვრალი დაეხეტება, ზვავია, ათასი ოხრობაა.
- ოხ-ო-ხო! რა ხარ, კაცო, რა ხარ! - გაიკვირვებენ მეზობლები და მხრების ჩეჩვით წავლენ, - რა არის ეს, რა უცნაური ყმაწვილიაო, კაცოო, რა გამოვა ნეტავ მაგისგანაო!
- რა უნდა გამოვიდე და შოფერიო, - ეუბნება ყველას ბიბო.
- აბა, შენ იცი, აბა, შენ იციო! - უხარიათ მეზობლებს...
უხარიათ, რადგან იციან, რომ, თუ გამოვა, მისგან გამოვა დინჯი, ჭკვიანი შოფერი. ჩაგსვამს მანქანაში, გატარებს სულ წყნარად, სულ წყნარად. შეიძლება, შორი გზითაც მოგატაროს ცოტა, მაგრამ შინ მაინც მშვიდობით მიგიყვანს ყოველთვის. ეს კი მთავარია. ასეთი დინჯი, ჭკვიანი შოფრები ესაჭიროება ქვეყნიერებას. და ლოცავენ ყველანი:
- გაიზარდე, შერჩი შენს დედ-მამასაო.
ბიბოც იზრდება და იზრდება. ამაყად დააბიჯებს ამ დიდ, ღონიერ დედამიწაზე და ჯერჯერობით, სანამ მთლად დიდი გაიზრდებოდეს, სანამ შოფერი გახდებოდეს, თავის ბავშვურ საქმეებს აგვარებს ხვნეშით, გმირული სიჯიუტით.
თან დაჰყვება მისი მეგობარი მზეც.
http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=78
შიო პაპასი
და მისი სახედრის ამბავი
I
ვიცი, რომ ბევრი კარგი ბერიკაცი გინახავთ, მაგრამ იმისთანა კოხტა
პაპა, როგორიც შიო პაპა იყო, არა მგონია, სხვა შეგხვედროდეთ სადმე. ისეთი თეთრი,
სპეტაკი წვერი ჰქონდა, თითქოს ბამბის ფთილა ამოუკრავთ შოკოლადისფერ ყბებზე და
ნიკაპზეო; ისე უციმციმებდა წამოფაფრულ წარბებში შემალული თვალები, თითქოს ცელქი
ბიჭია და, აი, სადაცაა რაღაც სასაცილო ოინს ჩაიდენსო. იმაზე კარგი სანახავი ხომ
სხვა აღარა იყო რა, როცა ის თავის თეთრ სახედარზე გადამჯდარი, კეხზე გარდიგარდმო
თოხგადადებული, სასოფლო გზაზე გამოვიდოდა და „ვოლგებსა“ და „პობედებში“ გაერეოდა!
სახედარს ზედ კუდუსუნზე ეჯდა კაპიტანივით წელში გამართული, ფეხებს თითქმის მიწაზე
მიათრევდა და მხიარულ სალამს ურიგებდა გზის აქეთ-იქით ჩამწკრივებულ სოფლელებს.
- სოლომანას სიცოცხლე!
- ჩემს ძმისწულს გაუმარჯოს!
- როგორა ხარ, ძმისშვილო!
თუმცა ძმა არასოდეს არ ჰყოლია, ვინც კი ასე მისი შვილის კბილად
გამოიყურებოდა, ყველას ძმისშვილს ან ძმისწულს ეძახდა.
რამდენიც უნდოდათ, იმდენი ეყვირებინათ შოფრებს თავიანთი მანქანები,
შიო პაპა ამით არ შეშფოთდებოდა, არც მისი სახედარი ააჩქარებდა ფეხს. სახედარმა
თავისი პატრონის ამბავი იცოდა, პატრონი კი, ჩვენი კოხტა შიო პაპა, ღიმილით
მიუბრუნდებოდა ბუზღუნით გაჩერებულ შოფერს და ალერსით ეტყოდა:
- რაო, ძმისწულო, არ მოგწონვართ?! მოძრაობის წესებს ხომ არ ვარღვევთ მე
და ეს ჩემი პატიოსანი სახედარი? არა, არა? აბა, მაშ მე საჩქარო არა მაქვს რა. მე
რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუყურო ამ ლამაზ ქვეყანასა!
ამ სიტყვებზე და უფრო კი შიო პაპას სახის კეთილ გამომეტყველებაზე
შოფერსაც გაეცინებოდა, - დიდხანს გაცოცხლოს, პაპა, დიდხანს უყურე ამ ლამაზ
ქვეყანას აგრე სახენათლადო! - დაუძახებდა მანქანიდან და მერე გახალისებული
გავარდებოდა წინ.
შიო პაპა და იმისი სახედარი კი ისევ ნელ-ნელა, აუჩქარებლად
განაგრძობდნენ გზას:
- პაკ-პუკ! პაკ-პუკ!
სოფელი დიდი იყო. სოფელი მდიდარიც იყო: ყველას მანქანა ჰქონდა, ყველას
მანქანა ეკერა პირზე და, როგორც კი ლაზღანდარა ბიჭები დაინახავდნენ, იმ წუთშივე
მთელი ქვეყნის გასაგონად დაუძახებდნენ:
- როგორა ხარ, შიო პაპა! როგორა გყავს ეგ შენი ვირადინი!
შიო პაპას სადღაც გულში სწყინდა, მაგრამ მაინც იხტიბარს არ იტეხდა და
უდარდელად უპასუხებდა:
- მეც კარგად ვარ და ჩემი ვირადინიცა! თქვენ იჩივლეთ, შვილოსა, რომ
ხან პაკრიშკები გაქვთ თავშისაცემი და ხან ბენზინი, თორემ ჩვენ რა! ჩემი ვირადინი
ხმელ წალამსაც გემრიელად გეახლებათ და არც თიხიან აღმართზე უცურდება უნალოდ ფეხი!
აბა, ბიჭებს ამაზე რა უნდა ეპასუხათ! ჩაიჩრიდნენ ტურტლიან თითებს
პირში და უსტვენდნენ.
მაგრამ ზოგნი ამითაც კი არ კმაყოფილდებოდნენ. ზოგნი, აი, მაგალითად,
სოფლის ნასწავლები, პირდაპირ მოითხოვდნენ: დრო არის, საბჭომ მოგვაშოროს ეგ
სახედარი, სოფელს გვიუშნოებს, რაღა დროს სახედარია, სადაცაა რაკეტებით დაიწყებს
ხალხი ფრენასო. მაგრამ ამას შიო პაპას ზურგს უკან ამბობდნენ. ეს იმიტომ, რომ, ჯერ
ერთი, ისეთი კანონი არ არსებობდა, მაინცდამაინც ყველა სახედარი მოსპეთო, მეორეც,
ამასაც ფიქრობდნენ: ბერიკაცია შიო პაპა, განა რამდენი ხანი უნდა იცოცხლოს, მალე,
ალბათ, ფეხებს გაფშეკავს და ეგ სახედარიც თავისთავად მოშორდება აქაურობას, ერთ
კბილის გასმად არ ეყოფათ ზოოპარკის მგლებსო.
მაგრამ შიო პაპა ფეხების გაფშეკას არ ჩქარობდა. შიო პაპა საერთოდ
არაფერს არ ჩქარობდა. დღეებიც მიდიოდნენ ნელა, ნელა. გავიდა წლებიც...
შიო პაპა და მისი სახედარი კი ისევ ერთად იყვნენ, ისევ ყოჩაღად იყვნენ
და, როგორც სოფლის ნასწავლები ამბობდნენ, ისევ აუშნოებდნენ ლამაზ, მდიდარ, კრიალა
მანქანებით ავსებულ სოფელს.
II
ერთ წელიწადს კი დიდი ზამთარი დადგა. თოვდა და თოვდა. თოვლმა დაფარა
ყველაფერი. მთაში მგლები დაიმშნენ, ითმინეს, ითმინეს და ბოლოს სამგლე ველში
შეგროვდნენ. ჩაცუცქდნენ აეგრე წრედ და დაიწყეს თათბირი, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ,
ასე შიმშილით ხომ არ უნდა ამოვწყდეთო. სოფელში ჩასვლისა ეშინოდათ. სოფელში დიდსა
და პატარას თოფი ჰქონდა. თოფმა მეხივით ხმა და ცხელი ტყვია იცის. ცხელი ტყვია კი,
ეს თქვენც გეცოდინებათ, პატარებო, თქვენი ცერის სიმსხო ცხელი ტყვია, ლომსაც
წააქცევს და სპილოსაც. დაეჯახება და წააქცევს. აბა, მგელს რას უზამს, თუკი
დაეჯახა!
ცხელი ტყვიისა ეშინოდათ და ისხდნენ აეგრე წრედ, ჩაექინდრათ თავები და
ფიქრობდნენ. ბოლოს წამოდგა ერთი მურა მგელი, გაჰკრა გაზი თოვლს და მიწაც მიაყოლა
ცოტა. - მეო, ერთი საკბილო მეგულებაო. - რა საკბილოო, - აჩოჩქოლდნენ სხვა მგლები.
- შიო პაპას სახედარი, შიო პაპას თეთრი სახედარიო. მთელი დღე ჭალაში დაყიალობს და
ტირიფებსა და ვერხვებს ჰკორტნის, შინ საღამოს ბრუნდება და მერე მთელი ღამე გომურის
დერეფანში დგას. გომური სოფლის პირასაა, შიო პაპას კიდევ თოფი არა აქვს. გინდაც
ეხლა იყიდოს, სულ ერთია, გასროლის თავი მაინც არ ექნებაო.
- ვინ რას იტყვისო! - გადახედეს მგლებმა ერთმანეთს.
ყველა დაღონებული იყო, ყველას ყურები ჰქონდა ჩამოყრილი, ეტყობოდათ,
მაინც ეშინოდათ. როდის-როდის გაბედა ერთმა მგელმა, რომელსაც ყველაზე მეტად
გასთხელებოდა ფერდები.
- რამ გაგაჩუმათ, თუნდა აქ დავხოცილვართ შიმშილით, თუნდა ადამიანებს
დავუხოცივართ. იმას მაინც იტყვიან, ვაჟკაცურად დაიხოცნენო. უნდა წავიდეთ, აბა,
მეტი რა გზა გვაქვსო.
და წამოდგნენ, დაიბერტყეს თოვლიანი კუდები, გაებნენ ბილიკზე მწკრივად
და წამოვიდნენ სოფლისაკენ. მოდიან და ხან ერთი ამოიოხრებს, ხან მეორე. ფუი, ჩვენი
სიცოცხლეც თუ სიცოცხლეაო. თოფისა ეშინიათ. იციან, რომ თოფმა მეხივით ხმა და ცხელი
ტყვია იცის...
სოფელს რომ გადახედეს, კიდევ ერთხელ ჩასხდნენ. სოფელში
ელექტროსინათლეები ენთო, მაგრამ ამ სინათლეებისა არ ეშინოდათ მგლებს. იცოდნენ, რომ
ეს უწყინარი ნათურები ანათებდნენ. ნათურების შუქს კი ახლა ყველანი სცნობენ -
მგლებიც და სხვა ცხოველებიც.
- შენ ასე მოიქცევიო, შენ ისეო, შენ კიდევ ისეო! - არიგებდა დიდი მურა
მგელი ხროვას. - გომურის დერეფნიდან კი მე გამოვაგდებო.
უქნევდნენ თავს თანხმობის ნიშნად მგლები და თან ჟრუანტელი უვლიდათ
ზურგში. მაგრამ რას იზამდნენ! ადგნენ და მუხლების კანკალით ჩაჰყვნენ თოვლიან სერს.
წაგრძელებულან ჩრდილებივით და ჩრდილებივითვე უხმოდ უახლოვდებიან
სოფელს...
III
სოფელს კი სძინავს. ხალხსაც სძინავს და ძაღლებსაც. ძაღლები ღრმა ძილს
არიან დაჩვეული. ჰგონიათ, რომ მგლები მთლიანად ამოწყდნენ ქვეყანაზე, ქურდებიც
ამოწყდნენ ქვეყანაზე და მთელი ღამე გაუნძრევლად სძინავთ, სძინავთ და სუქდებიან.
სძინავს შიო პაპასაც. გულაღმა წევს, სპეტაკი თეთრი წვერი იხვის
ბოლოსავით მაღლა აქვს აპრეხილი. ფუ-ფუ-ფუ! - ფშვინავს არხეინად და თან სულ
ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ხედავს. ხედავს, რომ მისი თეთრი სახედარი პატარა ჩოკინაა.
თვითონაც პატარაა შიო პაპა. აღარც თეთრი წვერი აქვს, აღარც ულვაშები. დაკუნტრუშობს
მისი პატარა ჩოკინა აბრეშუმივით რბილსა და სასიამოვნო ბალახებში და კუნტრუშით
დასდევს შიო პაპაც უკან. შეხტება პატარა ჩოკინა, გადატრიალდება ჰაერში და - ჰოპ! -
ისევ კოხტად დგას ოთხივე ფეხზე მწვანე ბალახებში. შეხტება შიო პაპაც,
დაპატარავებული შიო პაპა, გადატრიალდება ჰაერში და - ჰოპ! - ისიც ისევ კოხტად დგას
ორივე ფეხზე მწვანე ბალახებში. გადაკოტრიალდება ჩოკინა, გადაკოტრიალდება შიო
პაპაც. იცინის ჩოკინა და იცინის დაპატარავებული შიო პაპაც.
თავს აქნევენ, იცინიან ბალახებიც.
IV
სწორედ ამ დროს კი შავი დღე ედგა შიო პაპას თეთრ სახედარს. მგლებს
უკვე წაექციათ, ჩასჭიდებოდნენ აქეთ-იქიდან და ეწეოდნენ. ზოგი ფეხებიდან ეწეოდა,
ზოგი ყანყრატოდან და ზოგიც ჩიჩვირიდან. იქნევდა საცოდავი სახედარი ფეხებს, მაგრამ
რაღას გახდებოდა! ბუჩქნარი ახლოს იყო, ხელდახელ შეათრიეს იმ ბუჩქნარში და გაჰკრეს
და გამოჰკრეს კბილი. თვალის დახამხამებაში ჩლიქები და ორიოდე ძვალიღა დატოვეს
გასისხლიანებულ თოვლზე, მერე ის გასისხლიანებული თოვლიც შეთქვლიფეს და, - აბა, ახლა
კი წავიდეთ, ბიჭებოო, - წასასვლელად გაემზადნენ. გაემზადნენ და ერთმანეთს
გადახედეს - აბა, ვინ უფრო გამოძღაო. გადახედეს და ელდანაცემის შიში ჩაუდგათ
თვალებში. ყველანი იქ იყვნენ, დიდი მურა მგელი კი არა ჩანდა.
- მურა რა გვექნა! მურა დაგვეკარგა!
- სად, როგორ? განა იმან არ გამოაგდო სახედარი გომურის დერეფნიდან?
განა ის არ გვივლიდა ირგვლივ და გვამხნევებდა ძახილით: მიდით, მიდით, თქვენ
გენაცვალეთო! მაშ რა იქნა? მიწამ ხომ არ უყო პირი! მოვძებნოთ, აქვე იქნება სადმე!
გაცვივდნენ, გამოცვივდნენ, მიტრიალდნენ, მოტრიალდნენ და მალე ჩუმი
ძახილი შემოესმათ:
- აქეთ, აქეთო.
გაიქცნენ იქით, ტრიალებენ, ტრიალებენ, არავინ არ არის.
- მანდ რას მეძებთ, დაბლა, დაბლა ჩამოიხედეთო.
ნახეს, რაღაც ფიჩხფუჩხი ეყარა, ის ფიჩხფუჩხი მისწი-მოსწიეს და, თქვენს
მტერს, რაც იმათ დაინახეს! ერთი ღრმა ხარო იყო და მათი თავკაცი მურა მგელი იმ
ხაროში ხტოდა და აქეთ-იქით აწყდებოდა.
- მიშველეთ, ბიჭებო, მიშველეთ, თორემ მარტო ვერას ვხდებიო. - ამოსძახა
მურა მგელმა, მაგრამ რით უნდა ეშველათ! თვითონაც შეეშინდათ, ჩვენც არა ავიტეხოთ
რაო. ერთი კი ჰკითხეს, - როგორ ჩავარდიო. - როგორ და ჯანდაბურად და დოზანურად!
მიშველეთ, თუ მიშველითო! - მაგრამ თქვენც იცით, რანაირები არიან მგლები. თანაც
თენდებოდა. - შენს თავს შენ უშველეო, და ერთმანეთისთვის აღარც კი შეუხედავთ,
გაცვივდნენ სერისკენ. ახლა აღარა ფრთხილობდნენ, ბღლარძაბღლურძით გადადიოდნენ ღობეებზე,
ღობეებს ლაწალუწი გაჰქონდა და ახლა კი გაიგეს გულისძილში წასულმა მსუქანმა
ძაღლებმა.
- ჰარიქა, მგლებიო! ჰარიქა, მგლებიო! - და მთელი სოფლის ძაღლები უკან
დაედევნენ, მაგრამ სოფლის ძაღლები მსუქნები იყვნენ, ქონი ამძიმებდათ, აბა, გამხდარ
მგლებს ისინი როგორ დაეწეოდნენ. გამობრუნდნენ და ხაროში ჩავარდნილ დიდ მურა მგელს
წაადგნენ თავს. წაადგნენ თავს და დაგიჟდნენ სიხარულით, თითქოს იმათ დაეჭიროთ.
- ჰავ-ჰავ-ჰავ! ეეე-უუ! - ყურთასმენა აღარ იყო. ხტოდნენ, ერთმანეთს
ახტებოდნენ, გარბოდნენ, ისევ ბრუნდებოდნენ, პატრონებს ეძახდნენ, გამოგვხედეთ,
ნახეთ, რა ვქენით, ნახეთ ერთი, რა ვქენით, რა ყოჩაღები ვართ, მგელი დავიჭირეთო...
V
პატრონები კი უფრო მსუქნები იყვნენ, ვიდრე მათი ძაღლები. უფრო
მსუქნებმა კი უფრო ღრმა ძილი იციან და როდის-როდის გაიღვიძეს. პირველად, რა თქმა
უნდა, ბიჭებმა გაიღვიძეს. ბიჭების ხასიათი ხომ იცით! ფეხსაცმელებში კი წაყვეს
ფეხი, არც პალტოები ჩაუცვამთ, არც ქუდები დაუხურავთ და - ჰაიდა! - პირდაპირ თოვლში
თავ-თავიანთი ძაღლებისაკენ! გაუძღვნენ ძაღლები, მიიყვანეს ხაროსთან და... რა
ამბავს ასტეხდნენ მგლის დანახვაზე ბიჭები, ჩემი თქმა აღარ დაგჭირდებათ, თვითონვე
მიხვდებით... მიხვდებით იმითაც, რომ ცოტა ხანში მარტო ბებრები კი არ მორბოდნენ
ფრიათით, მასწავლებლის გაქცევა ხომ არ შეიძლება, საერთოდ, თვით მასწავლებლებიც კი
მორბოდნენ...
- მგელი ჩავარდნილა გეოლოგების ამოთხრილ ხაროში, მგელი! ხალხო, მგელი!
დიდი მურა მგელი!
ერთი ზარების რეკვაღა აკლდა, თორემ, ისე, ნამდვილი ომი გეგონებოდათ.
სოფელში დიდსა თუ პატარას თოფი ჰქონდა. თითო თოფის პატრონი ათ ტყვიას
მაინც მოარბენინებდა იმ ერთი მგლისათვის. იმ ერთ ხაროში ჩავარდნილ მგელს კი, ეს
უკვე იცით, ერთი ტყვიაც მოერეოდა. და მოერია კიდეც. დაეჯახა ერთი ცხელი ტყვია და
მაშინვე წააქცია. მაგრამ ის ერთი ტყვია არ აკმარეს, ვაითუ ცოცხალიაო, კიდევ ცხრა
დაახალეს. ამოათრიეს, დაიმკლავეს ყასბობის მცოდნეებმა, დაჰკიდეს ხის ტოტზე,
ჩამოატყავეს, ხორცი ძაღლებს მიუყარეს და ტყავი... ტყავი ვისაო.
და, აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა შიო პაპა. ხელში ჯოხი ეჭირა, თავი
ჩაეღუნა, მოვიდა სულ ახლოს და მაშინ მიმოავლო თვალი ხალხს. ხალხი გახარებული იყო.
- ტყავი ვისაო! - ყვიროდა ყასბობის მცოდნე ვასილა.
- ტყავი მეო, - ძლივს ამოთქვა შიო პაპამ. - ვირი მე შემიჭამესო.
- მართლა, კაცო?
- მართლა, მაშა!
წავიდნენ და თავისი თვალით ნახეს თეთრი სახედრის თავ-ფეხი. ნახეს და
კიდევ უფრო გაიხარეს. ხომ გახსოვთ, როგორ უნდოდათ ამ სახედრის თავიდან მოშორება,
სოფელს გვიუშნოვებსო. ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, თანაც, ვითომცდა სანუგეშებლად,
შიო პაპას მხარზე უტყაპუნებდნენ ხელს:
- არა უშავს, შიო პაპა, მაგაზე გადაიაროს შენმა დარდმა და სატკივარმა.
აი, მგლის ტყავი, წაიღე რაიონში, ფულს მოგცემენ. იმ ფულს კიდევ სხვა ფული დაუმატე
და ერთი პატარა, საშენო მანქანა იყიდეო.
სინამდვილეში კი, ხომ გითხარით, ფეხზე ძლივს იდგნენ სიხარულით. ამის
შემდეგ მთლად ლამაზი იქნება ჩვენი სოფელი, სახედარი აღარ დააუშნოვებსო...
VI
და, მართლაც, ცოტათი გამოიდარა თუ არა, შიო პაპამ ახალი ტანისამოსი
ჩაიცვა, ახალი თუშური ქუდი დაიხურა, მგლის ტყავი ლამაზად დაკეცა, მერე ლამაზად
გაახვია, იღლიაში ამოიდო და რაიონში წავიდა. რა თქმა უნდა, ავტობუსით წავიდა.
რაიონში მონადირეთა კავშირის მაღაზია იყო. ამ მაღაზიაში ერთი სქელი,
სახენათელი კაცი მუშაობდა. ადრე ისიც მონადირე იყო. მერე გასქელდა. ვეღარ დარბოდა.
თუ ვეღარ დარბიხარ, რაღა მონადირე ხარ! იმანაც გაყიდა თოფი და მონადირეთა კავშირის
მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მიუტანდნენ მელიის ტყავს - ათ მანეთს აძლევდა,
მიუტანდნენ ტურის ტყავს - იმაშიც ათ მანეთს აძლევდა. ხოლო თუ ვინმე მგლის ტყავს
მიუტანდა, ისიც დიდი მგლის ტყავს, იმას მთელ ორმოცდაათ მანეთს გადაუთვლიდა, თანაც
მხარზე ხელს დაჰკრავდა და - ყოჩაღო, - შეაქებდა.
შიო პაპამაც სწორედ იმ სქელ კაცს მიუტანა თავისი დიდი მურა მგლის
ტყავი. სქელმა კაცმა ხელებიც კი გაშალა სიხარულით - რა მშვენიერ მგლის ტყავსა
ვხედავო. იმ წუთშივე გადაუთვალა ორმოცდაათი მანეთი, თანაც, რა თქმა უნდა, მხარზეც
დაარტყა ხელი - ყოჩაღ, პაპაო, - და კიდევ ესეც დაუმატა: - შიო პაპავ, თუ კიდევ
იშოვო ასეთი ტყავი, სხვაგან არ წაიღო, ისევ მე მომიტანე, ორმოცდაათ მანეთს ხომ
მოგცემ, შეგაქებ კიდეც, განა მარტო მე შეგაქებ, შეიძლება გაზეთშიც შეგაქონო.
შიო პაპა დაჰპირდა, კეთილი და პატიოსანი, თუ ვიშოვე, კიდევ მოგიტანო.
მაგრამ, მაღაზიიდან რომ გამოვიდა, სხვა მგლის ტყავის საშოვნელად აღარ წასულა.
მაღაზიიდან პირდაპირ ბაზარში წავიდა. ბაზარში მასავით თეთრწვერა პაპები ისხდნენ და
ზოგი ღვინოს ყიდდა და ზოგიც სხვადასხვა რაღაცებსა.
- გამარჯობათ, ბიჭებოო! - დაუძახა შიო პაპამ.
- გაგიმარჯოსო, - უპასუხეს მასავით თეთრწვერა „ბიჭებმა“.
- სახედარს ხომ ვერას მაშოვნინებთ, ბიჭებოო.
თეთრწვერა „ბიჭებმა“ თეთრი წვერები მოისრისეს, თუშური ქუდები
შეისწორეს და მერე ხელი დაუქნიეს.
- მოდი, დაჯექი, ბიჭო, ეგრე დგომელა როდის იყო, რომ საქმე
გაკეთებულაო.
შიო პაპაც მივიდა და დაჯდა. დაჯდა და ახლა ყველა თეთრწვერა „ბიჭმა“
ერთად დაიწყო ლაპარაკი და ხელების აქეთ-იქით გაშვერა.
- რამდენსო?! - უცებ ხმას აუწია შიო პაპამ.
- ოცდახუთ მანეთსო.
- ი, ბედაური ცხენი ხო არა ჰგონია ის თავისი სახედარი და ისიც
ცალყურა! ოცდახუთი მანეთი ბედაური ცხენი არა ღირსო.
- მა რამდენს მისცემო.
- რამდენსა და ოც მანეთსა.
მაშინ ერთი წვერიანი „ბიჭი“ წამოდგა და წინ გაუძღვა.
წავიდნენ, წავიდნენ და მესერს მოეფარნენ. იმას იქით სად იყვნენ, არ
ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთი საათის შემდეგ შიო პაპა უკვე ნაცარა სახედარზე
იჯდა, რომლისთვისაც ცალი ყური ვიღაც მაიმუნ ბიჭებს მოეჭრათ. კოხტად, თავისებურად
წელში გამართული იჯდა, და - პაკ-პუკ, პაკ-პუკ! - მოდიოდა მოასფალტებულ გზაზე ის
ცალყურა სახედარი და თანაც გვერდზე პატარა ჩოკინაც მოსდევდა.
გზაზე მანქანები ირეოდნენ. შოფრები სიგნალს აძლევდვნენ, ჩამოგვეცალეო.
შიო პაპა კი დინჯად მიუბრუნდებოდა შოფერს და ძველებურად ეუბნებოდა ღიმილით:
- რაო, ძმისწულო, არ მოგწონვართ, განა! მოძრაობის წესებს ხომ არ
ვარღვევთ მე და ეს ჩემი პატიოსანი სახედარი! არა, არა? აბა, მაშ მე საჩქარო არა
მაქვს რა. მე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუყურო ამ ლამაზ ქვეყანასა! - და მხოლოდ
ორიოდე სიტყვას უმატებდა ახალს: - თუ ჩოკინაზე იტყვი რამეს, ძმისწულო, და...
ჩოკინა პატარაა. პატარას კი არც შენ გექნებოდა დიდი ჭკუა და არც მე, პატარას
ყველას პატარა ჭკუა აქვს - სახედარსაც და კაცსაც. გაუშვით, ირბინოს თავისუფლადა!..
წინ კი, ცოტაც და, სოფელიც გამოჩნდებოდა. როგორ შეხვდებოდა სოფელი შიო
პაპას ცალყურა სახედარს და მის პატარა ჩოკინას, უკვე თქვენ თვითონვე მიხვდებით.
ამის მოყოლა აღარ გინდათ, ამას თქვენ თვითონვე მიხვდებით.
რას ვიზამთ, არიან ასეთი ჯიუტი პაპებიც ქვეყანაზე!
http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=103
თეთრცხვირიანი და
შავცხვირიანი
ციყვი ხომ გინახავს, დახატული ხომ
მაინც გინახავს? აბა, მაშ ავდგეთ და პირდაპირ ის ამბავი დავიწყოთ, რომელიც
ციყვების ერთ ოჯახს გადახდა.ციყვების ეს ოჯახი ერთი სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში, ბებერი მუხის ფუღუროში ცხოვრობდა, ოთხნი იყვნენ: დედა, მამა და ორიც შვილი - ორი პატარა ციყვუნია-ბიჭუნია.
ციყვების ენაზე ამ ციყვუნია-ბიჭუნიებს ჩვენთვის ძალიან ძნელად დასამახსოვრებელი სახელები ერქვათ, რაღაც ასეთი - პიჰ-პაჰ-პა და პუჰ-პაჰ-ჰა. მაგრამ, რადგან ეს სიტყვები ადამიანების ენაზე, უბრალოდ, თეთრცხვირიანს და შავცხვირიანს ნიშნავს, ამიტომ ავდგეთ და თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვუნია-ბიჭუნიებად მოვიხსენიოთ ხოლმე. მით უმეტეს, რომ ჩვენი ამბისთვის თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს სახელები ერქმეოდათ თუ სხვა.
მაშ ასე, ცხოვრობდა ოთხი ციყვი სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში. გათენდებოდა, ამოვიდოდა დიდი წითელი მზე და დედა ფეხისგულებზე ღიტინით გამოაღვიძებდა თავის საყვარელ შვილებს, თავის თეთრცხვირიანს და შავცხვირიანს. თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ფეხებს იქნევდნენ, თვალებზე თათებს იფარებდნენ, ეზარებოდათ ადგომა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოსხდებოდნენ. იცოდნენ, დედა ჯერ გვეფერება, მერე კი, თუ გავაბრაზეთ, ძალით წამოგვყრის და თითო-თითოსაც მაგრად მიგვარტყამს კუდის ძირშიო, მოიფშვნეტდნენ თვალებს, გადმოვიდოდნენ საწოლიდან და დედის თქმას აღარ დაუცდიდნენ, იქვე, მათი ფუღუროს ქვემოთ, ტოტსა და ტოტს შუა ჩამდგარ წკრიალა წყალზე ჩავიდოდნენ, დაიბანდნენ თათებსა და პირს, კუდსაც გაიპეწავდნენ, ყურებსაც. თუ დედა არ ჩანდა, ერთმანეთსაც შეაშხეფებდნენ წვეთებს და გახალისებულნი აირბენდნენ შინ.
- დედა, აბა, შემოგვხედე, როგორი ლამაზები ვართო.
დედას თავისი შვილები, თავისი საყვარელი თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი, პირდაუბანელებიც ძალიან ლამაზებად ეჩვენებოდა, მაგრამ რა შედარება იყო! პირდაბანილები ათასჯერ უფრო ლამაზები ჩანდნენ, ბედნიერი ღიმილით აკოცებდა ერთსაც, მეორესაც და მერე თითო თხილისგულს გადმოუღებდა, დასხედით და წესიერად ისაუზმეთო.
თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ლამაზად ჩაცუცქდებოდნენ, აკნაწუნებდნენ თხილის გემრიელ გულს და, თუ ნამცეცი დაუვარდებოდათ ძირს, ენით თათს დაისველებდნენ, ნამცეცს ზემოდან დააჭერდნენ და ასე თათზე მიკრულს გააქანებდნენ პირისკენ.
საუზმის შემდეგ ციყვუნია-ბიჭუნიებს ნება ეძლეოდათ, იქვე, ფუღუროს ახლოს ეთამაშათ; მხოლოდ ფუღუროს ახლოს, რადგან, შორს რომ წასულიყვნენ, შეიძლება ქორს, მიმინოს ან ძერას დაენახა და მაშინ, თქვენს მტერს, მათ რომ დღე დაადგებოდათ! დედა ვერც კი ბედავდა იმის თქმას, რა დღეც დაადგებოდა მის პატარა ციყვუნია-ბიჭუნიებს. დაიწყებდა: - შვილებოო, შორს არ წახვიდეთ, თორემ ქორი ან ძერა დაგინახავთო და... აქ შეწყვეტდა სიტყვას, ორივეს მკერდში ჩაიკრავდა, გააკანკალებდა და ბოლოს, როდის-როდის, ამასღა იტყოდა - უწინამც დღე გამიქრეს, სანამ მე მაგას ვნახავდეო. - შვილებიც, ციყვუნია-ბიჭუნიები, გრძნობდნენ, რომ შორს წასვლას შეიძლება მართლა რაღაც დიდი საშიშროება მოჰყოლოდა და არსად არ მიდიოდნენ, იქვე, ფუღუროსთან თამაშობდნენ. არც მაშინ წასულან შორს, როცა ის საშინელი ამბავი გადახდათ, რის მოყოლასაც მე ვაპირებ. მაშინ, ეს კი არა, ფუღუროდანაც არ აპირებდნენ გამოსვლას, მაგრამ ფათერაკი რიღას ფათერაკი იქნება, თუკი იქ არ წამოგიდო ფეხი, სადაც სულ არ ელი?!
მამა დილაადრიანად წასულიყო სანადიროდ. დედამ კიდევ, - ავადმყოფი ნათესავი უნდა ვნახოო, შვილებო, გარეთ არ გახვიდეთ, შინ ითამაშეთ, თუ მოგშივდეთ, აი, ეს თხილები ჭამეთ, თქვენ ხომ ჩემი საყვარელი ციყვუნია-ბიჭუნიები ხართო, თქვენი იმედი მაქვსო, - ჩაილაგა პაწაწინა კალათაში ნობათ-მოსაკითხი და ისიც წავიდა.
ჩვენი პატარა ციყვუნია-ბიჭუნიები კი მარტონი დარჩნენ. ისინი სხვა დროსაც ყოფილან მარტონი, ამიტომ არც გასტირებიან დედას, არც ბუზღუნი დაუწყიათ. ცოტა ხანს ფუღუროს კართან ისხდნენ და ნატრობდნენ. თეთრცხვირიანი ნატრობდა: ნეტავი ერთი დღით არწივად მაქცია, რომ მიმინოებს და ქორებს სულ ბდღვირი გავაცალოო. შავცხვირიანმა კიდევ ინატრა: ნეტავი თვითმფრინავი ვიყო, ო, როგორი ხმა აქვს, შენი არწივი რა არის იმასთანაო! - და რადგან არც ერთი გახდა არწივი და არც მეორე - თვითმფრინავი, შებრუნდნენ შინ, ამოარჩიეს ერთი მრგვალი, ყველაზე მრგვალი თხილი და ხან ერთი დაარტყამდა ფეხს, ხან მეორე, მოკლედ, ზედგამოჭრილი ჩვენებური ფეხბურთი გააჩაღეს.
არც ეს იყო საშიში, ეს ყველაფერი ხომ ფუღუროში ხდებოდა! მაგრამ ცოტა რომ დაიღალნენ და დასასვენებლად ჩამოსხდნენ, დაბლიდან, მათი ბებერი მუხის ძირიდან, რაღაც უცნაური ხმა შემოესმათ.
ციყვუნია-ბიჭუნიებს ბევრნაირი ხმა სმენოდათ ტყეში. სმენოდათ ადამიანების ლაპარაკი, ღორის ღრუტუნი, დათვის ბურდღუნი, ტურის წკავწკავი და, ვინ იცის, კიდევ რა აღარა, მაგრამ ასეთი ხმა ნამდვილად პირველად ესმოდათ:
- ხხხ... ხხხ... ხხხ...
რა თქმა უნდა, მაშინვე დედის სიტყვები გაახსენდათ - შორს არ წახვიდეთ, შვილებო, უწინამც დღე გამქრობია, შორს რომ იყოთ და ქორმა დაგინახოთო, მაგრამ ისინი ხომ ფუღუროში იყვნენ! რა ექნათ, როგორ უნდა მოეთმინათ, რომ გადახედვით მაინც არ გადაეხედათ ძირს!
და, აი, ცოტა კი იყოყმანეს და მერე ფრთხილი ნაბიჯით წავიდნენ ფუღუროს პირისაკენ. ხმა მართლაც მათი მუხის ძირიდან ამოდიოდა:
- ხხხ... ხხხ... ხხხ...
კართან დაწვნენ, შიშით გადახედეს ერთმანეთს, უკანასკნელი გოჯები ცოცვით გაიარეს, დაიგრძელეს კისერი, ჩაიხედეს ძირს და რა დაინახეს: ერთი ვეებერთელა, უცნაური კაცი! წითელზოლიანი ტანსაცმელი აცვია, ჩამჯდარა ბალახებში, მოსწოლია კისრით მუხას, ამოჰბერვია უშველებული მუცელი, სძინავს და ხვრინავს:
- ხხხ... ხხხ... ხხხ...
როგორც უკვე გითხარით, ეს მუხა სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში იდგა. ციყვები ხშირად ხედავდნენ ხეებშორის მოსეირნე ადამიანებს და მათი არც გარეგნობა უკვირდათ, არც ხმა, მაგრამ ადამიანიც არის და ადამიანიც. ციყვუნია-ბიჭუნიები ასეთ ვეებერთელა ადამიანსაც პირველად ხედავდნენ, ასეთი ხმაც პირველად ესმოდათ და, რაც მთავარია (ამან სხვა ყველაფერი დაავიწყათ), არც ერთ ადამიანს არ ჰქონია ასეთი თავი, როგორც ამ კაცს ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, ერთი ბეწვი რა არის, ერთ ბეწვსაც კი ვერ აღმოუჩენდით ზედ. იყო მთლიანი, მრგვლად გადაჭიმული კანი და ის კანი ისე ბრწყინავდა, ისე ბრწყინავდა შუაში, თითქოს სარკეა და შიგ მზე იჭვრიტებაო.
- ეს რანაირი თავი აქვს, ეე! - გაკვირვებისაგან პირდაღებულმა გადახედა თეთრცხვირიანმა შავცხვირიანს.
- უთავოა, - თქვა შავცხვირიანმა.
- უთავო როგორ შეიძლება! თავი კი აქვს, მაგრამ სხვანაირი თავი აქვს.
ეს იყო და ეს. პირველად გაუკვირდათ, გაეცინათ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი აზრი და ისევ შიგნით შებრუნდნენ, მაგრამ დაბლიდან ამომავალი ხმა წუთით არ აძლევდა მოსვენებას, ის კი არა, თანდათან უფრო ძლიერდებოდა და ხრიალს უკვე რაღაც ტრახტრახისმაგვარი ბგერებიც ემატებოდა. აღარ შეიძლებოდა მეტის ატანა და ფიცხი ხასიათის შავცხვირიანმა თქვა:
- გავაგდოთ აქედან.
- როგორ უნდა გავაგდოთ? - გაუკვირდა თეთრცხვირიანს.
- მე ვიცი, როგორც. აიღე ერთი თხილი და გამომყევი უკან.
დასწვდნენ პაწაწინა კბილებით თითო-თითო თხილს, გაუძღვა წინ შავცხვირიანი თეთრცხვირიანს, გაცოცდნენ იმ ტოტზე, საიდანაც მარჯვედ შეიძლებოდა დამიზნება, აქ თხილები წინა თათებით დაიჭირეს. დაუმიზნა შავცხვირიანმა - ერთი, ორი, სამიო და... ისროლა. თხილი ბზრიალ-ბზრიალით წავიდა ქვემოთ, პრიალა თავს გვერდზე ჩაუარა და ბალახებში ჩავარდა.
- უუხ! - ჩურჩულით ამოიძახა გულდაწყვეტილმა შავცხვირიანმა, - ეგ ასცდა, მომეცი შენი თხილი!
- შენ რატომ უნდა მოგცე?! - იუარა თეთრცხვირიანმა. - შენზე ნაკლები მიზანი ვიცი? გამატარე!
- მომეცი, შენ ააცდენ!
მაგრად მოხუჭა ცალი თვალი თეთრცხვირიანმა, დაუმიზნა, გაისროლა და - პახ! - მოპრიალებულ თავზე დაცემული თხილი ერთი მეტრის სიმაღლეზე მაინც ამოხტა უკან. ისიც დაინახეს, როგორ შეკრთა და თავზე ხელიც მოისვა მძინარე კაცმა. შემდეგ კი უკვე ფუღუროში ისხდნენ და მუხლები უკანკალებდათ მღელვარებისაგან. ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა ვერც ერთი.
- რომ ამოვიდეს? - თქვა ბოლოს შეშინებულმა თეთრცხვირიანმა.
- აქა?! - დაცინვით ჩაეღიმა შავცხვირიანს, - ადამიანს ბრჭყალების მაგიერ რაღაცნაირი კუთხიანი ფეხები აქვს, ხეზე როგორ ამოვა?!
- ნეტავ წავიდა?
- წავიდოდა, მაშ რას იზამდა! უ, როგორ მოარტყი, ბიჭო?!
მაგრამ ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ - ხხხ... ხხხ... ხხხ... ისევ შემოესმათ ხვრინვა დაბლიდან.
- ეე! - გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს ციყვუნია-ბიჭუნიებმა, ახლა უკვე გაბედულად მისცვივდნენ ფუღუროს პირთან, გადაიხედეს ძირს და გაკვირვებული გამომეტყველება ღიმილით შეეცვალათ.
კაცი ისევ ისე არხეინად მოსწოლოდა მუხას, ისევ ისე უბრწყინავდა მოტიტვლებული თავი და ისე ხვრინავდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს ქვეყანაზე.
- წამოდი, ახლა კაკლები ვესროლოთ!
- დედა რომ გაგვიჯავრდეს? კაკლები, ხომ იცი, სტუმრისთვის აქვს შენახული.
- დედა რას გაიგებს, უთვალავია საკუჭნაოში! წამოდი, წამოდი. - თითქმის ძალით წაიყვანა შავცხვირიანმა თეთრცხვირიანი. გადაძვრნენ საკუჭნაოში, თითო-თითო კაკალი ამოირჩიეს და კვლავ იმ ტოტზე გაცოცდნენ, საიდანაც წეღან ისროდნენ თხილებს.
კაცს კი სძინავს და ხვრინავს. თანაც ლამაზად უპრიალებს თავი. რა იცის, რომ შავცხვირიანი კაკალს უმიზნებს.
დაუმიზნა, სუნთქვა შეიკრა, ისროლა და - პაახ! - ისეთი ხმა გაისმა ტყეში, თითქოს დიდი ხმელი ტოტი გამტყდარიყოს.
ასეთ ხმას სულ არ მოელოდნენ პატარა ციყვუნია-ბიჭუნიები. ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ იმოდენა კაცი ისე სწრაფად წამოხტებოდა ფეხზე. ამიტომ თეთრცხვირიანს კი არ უსროლია კაკალი, უბრალოდ, შიშისაგან გაუვარდა. მაგრამ მოხდა სასწაული და - პაახ! - ის კაკალიც შუბლში დაეცა დაფეთებულ კაცს, რომელიც კინკრიხოზე ხელს ისვამდა, მაღლა იყურებოდა და გამწარებული ყვიროდა:
- ჰაი, თქვე ვერანებო! ჰაი, თქვე გასატიალებლებო! მე თქვენ გიჩვენებთ, მე თქვენ...
მაგრამ, ბედად, სწორედ ამ დროს მოცვივდნენ დედა და მამა. ისინი გზაზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. თვალი მოჰკრეს, როგორ მოხვდა თეთრცხვირიანის თათებიდან გაშვებული კაკალი მელოტ კაცს შუბლში, როგორ შეჰყვირა, მერე როგორ დაიხადა ფეხთ, როგორ მოებღაუჭა მათ ბებერ მუხას და ხვნეშით, მუქარით დაიწყო ზემოთ ამოხოხება; გულგახეთქილნი შეცვივდნენ ფუღუროში, არც მოურტყამთ ციყვუნია-ბიჭუნიებისთვის, არც არაფერი უთქვამთ, დასტაცეს კისრებში პირი, აი ისე, როგორც კატა დაავლებს ხოლმე თავის კნუტებს, გამოცვივდნენ ფუღუროდან, ფხაჭაფხუჭით გაირბინეს მუხის ტოტები, გადახტნენ წიფელზე, წიფლიდან მეორე წიფელზე, იქიდან კიდევ სხვა ხეებზე და იქ, თავიანთი ფუღუროდან შორს, გულგახეთქილებმა, მუხლებაცახცახებულებმა, ძლივძლივობით ამოიღეს ხმა.
- რის ღირსი ხართ ახლა თქვენ?! ჰა, რის ღირსი ხართ, თქვენ თვითონვე თქვით!
პატარა ციყვუნია-ბიჭუნიებმა პირი დააღეს, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვეს და საბრალობელი ღნავილი ამოუშვეს.
საღამოს, მზე რომ ჩავიდა და შავი ბინდი ჩამოწვა ტყეში, მაშინ ძლივს გაბედა თავინთი ფუღუროს სანახავად წასვლა მამა ციყვმა. წავიდა და სამწუხარო ამბავი მოუტანა გამტკნარებულ ცოლ-შვილს: ჩვენი ფუღურო იმ კაცს სულ ქვებით ამოუჭედიაო. რა უნდა ექნათ, თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ერთხელაც აღნავლდნენ საბრალობლად და დარჩნენ იმ ღამეს ყველანი გარეთ, სიცივეში. მეზობლებთან მივიდოდნენ, მაგრამ როგორ უნდა ეთქვათ, ასეთი უჭკუო შვილები გვყავს, ამათ გამო დავრჩით გარეთო. ტყუილის თქმა კი არ უნდოდათ, დედა და მამა წესიერი ციყვები იყვნენ და თავის დღეში არ ამბობდნენ ტყუილს.
კიდევ კარგი, რომ იმ ღამეს წვიმა არ მოსულა.
Комментариев нет:
Отправить комментарий